აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება

2 აგვისტო, 2018

1 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით კახეთის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა აჭარაში, კერძოდ ბათუმში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე დაესწრნენ.

ეროვნული გვარდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა აჭარის მოსახლეობას ტერიტორიული რეზერვის დეტალების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე - ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; ქ. თელავი - თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისთვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20.

 

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

1. პირადობის მოწმობა;

2. ფოტოსურათი 34 – 1 ცალი;

3. ჯანმრთელობის ცნობა;

4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21;

 

გააზიარე